რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევის ყოფილ მერზე, ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ძებნილი პირების განყოფილებაშია განთავსებული.უკრაინის ყოფილი მერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მიმალვის და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო იძებნება. ჩერნოვეცკის ძებნაზე დაყენების თარიღად 24 ივლისია მითითებული. დაპატიმრების სანქცია კი მასზე მთავარმა პროკურატურამ 26 ივლისს გასცა.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პროკურატურა კიევის პარკში ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკის და დასაჯდომი მოედნის უკანონო მოწყობაში ადანაშაულებს. კიევის ყოფილ მერს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

26 ივლისს „რეზონანსთან" საუბრისას, კიევის ყოფილი მერის დაკავება არ დაადასტურა ჩერნოვეცკის საქველმოქმდო ფონდის წარმომადგენელნა. მან განაცხადა, რომ ფონდის დამფუძნებლის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამის შესახებ პირველად ესმის.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2012 წელს დაარდა. ფონდი მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების დახმარების მიზნით შეიქმნა. ყოველწლიურად ფონდი საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად, 2 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.

ჩერნოვეცკი საქართველოს მოქალაქეა, მან საქართველოში პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველო" ჩამოაყალიბა. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო. 2015 წლის დეკემბერში განცხადება გააკეთა, რომ ის უარს ამბობს ბიზნესსაქმიანობაზე.

1997 წლის აპრილიდან 2000 წლის იანვრამდე ჩერნოვეცკი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი იყო. ის ოთხჯერ აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად. ჩერნოვეცკი 2002 წლიდან მხარს უჭერდა ვიქტორ იუშენკოს.

1998 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ლეონიდ ჩერნოვეცკი ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა. საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც ჩერნოვეცკიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა შეეძლო.

ჩერნოვეცკი ჟურნალ „ფორბსის" უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთორმეტე ადგილზეა. 2009 წელს ჩერნოვეცკიმ საფეხბურთო კლუბი „კიევის არსენალი" შეიძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×