(რეზონანსი) ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულებმა სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მიმართეს, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწვეტილებაა დღეს გამოაცხადა.
„ეს არის მოსამართლე, რომელიც ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელია და პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფალია", - ამის შესახებ ჩხვირკიამ სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე წარმოთქვა.
პროცესზე მერაბ ღოღობერიძე არ გამოცხადებულა. მორიგი სასამართლო 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ღოღობერიძეს და ჩხვირკიას ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, სსკ-ს 225 - ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.