(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მას უთვალთვალებს. მისი თქმით, ქალაქ ცერნოვცში, სასტუმროს ნომერში, სადაც ის განთავსებულია, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სცადეს. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა „ფეისბუქზე" პირდაპირი ტრანსლაციის დროს გააკეთა.
„თავდაპირველად, ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა. მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა. ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ. ისინი ჩემი პირადი ცხოვრების, ჩემს სასტუმროს ნომრებში ჩაწერით დაკავებული არიან.
„გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით გინდათ დაკავდეთ? მე მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაცკი ვუკრძალავდი",- ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილმა ასევე აჩვენა ნივთები, რომლებიც, მისი მტკიცებით, იმ სასტუმროში აღმოაჩინა, სადაც ის იმყოფება.