რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ,"ჯემ ფესტის" დამფუძნებლის, გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურის მიერ კომპანიიდან ამოღებული ფინანსური დოკუმენტაციისა და კომპიუტერების დაბრუნებას, ასევე ყადაღის მოხსნას მოითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სიგუამ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვა ისევ მიმდინარეობს.

„გამოძიება, ისევ მიმდინარეობს. ჩვენი ტექნიკა და დოკუმენტაცია წაღებულია, ჩვენი ანგარიშები დაყადაღებულია და არც ვიცით, ამ ყველაფერს ყადაღა როდის მოეხსნება. ყველაფერს სწავლობენ, ყველა გადარიცხვას და არც ვიცით, პროცესი როდის დასრულდება ", - განაცხადა სიგუამ.

სიგუას თქმით, მიუხედავად იმისა სახელმწიფო ფესტივალს ნაწილობრივ დააფინანსებს თუ არა, ფესტივალი შემდეგ წელს მაინც გაიმართება.

„ჯემ ფესტი სახელმწიფოს დაფინანსებით არ შექმნილა. 2015 წელს, „ჯემ ფესტი" მთლიანად კერძო ინვესტიციით და დაფინანსებით შეიქმნა და ჩატარდა. 2016 წელს, სახელმწიფოს თანადაფინანსება რაღაც ნაწილში იყო ისევე, როგორც 2017 წელს.ეს მთლიანი ხარჯების დაახლოებით მეოთხედი ან მეხუთედი იყო. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ „ჯემ ფესტს" არ უნდა დაეხმაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ისევე, როგორც მისი მხრიდან დაფინანსების საკითხი. ჩვენ „ჯემ ფესტის" დასრულებას და მოკვლას არ ვაპირებთ. გაგრძელდება ეს ფესტივალი იმის მიუხედავად, დააფინანსებს თუ არა მას სახელმწიფო",- ამბობს სიგუა.

გეტყვით, რომ 14 აგვისტოს ჯემ ფესტზე დასაქმებულებმა ანაზღაურების მოთხოვნით გზა გადაკეტეს. ჯემ ფესტის შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

18 აგვისტოს ამ საქმეზე ჯემ ფესტის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხეს.

21 აგვისტოს კი, ჯემ ფესტზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×