(რეზონანსი) დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი ღვინის კულტურა ჩვენსაზე გაცილებით მდიდარია არამარტო მრავალსაუკუნოვანი და მრავალათასწლოვანი მეღვინეობის ტრადიციით, არამედ იმის გამოც, რასაც ამ საღამოს ყური მოვკარი - თქვენს ენაში არსებობს სიტყვა, რომელიც სადღეგრძელოების წარმოთქმაზე პასუხისმგებელ პირს აღნიშნავს, - ამ სიტყვებით მიმართა ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტმა სილვი კაზმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ მიღებაზე.
კაზმა კვირიკაშვილს ღვინის ქალაქში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ვიზიტი ბორდოში 2016 წლის 31 მარტს ღვინის ქალაქის გახსნის ცერემონიაზე გაიხსენა.
კაზის თქმით, გარდა იმ გამოფენისა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად შეიქმნა, არაერთი კულტურული ღონისძიება მომზადდა - მათ შორის, ქართული პოლიფონიური სიმღერების კონცერტი ანსამბლ „სულიკოს" შესრულებით, ქართული ტრადიციული ღონისძიება - სუფრა და კიდევ არაერთი შესანიშნავი აქტივობა.
"დიდი მადლობა ქვევრისათვის, რომელიც ჩვენ გადმოგვეცით. ის შემოსასვლელშია განთავსებული, როგორც ქართველებსა და ფრანგებს, ასევე ბორდოს, ღვინის ქალაქსა და თქვენს შორის არსებული მეგობრობის სიმბოლო", - მიმართა კაზმა კვირიკაშვილს.