მოქმედი და ყოფილი მერები და გამგებლები არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით დაუპირისპირდებიან "ოცნების" კანდიდატებს
ეკატერინე ბასილაია
16.09.2017

 თვითმმართველობის არჩევნებზე მერის სავარძლებისთვის ბრძოლაში "ქართულ ოცნებას" არა მარტო ოპოზიციასთან უწევს კონკურენცია-დაპირისპირება, არამედ საკუთარი პარტიის წევრებთან (თუ უკვე ყოფილ წევრებთან). თან მათ შორის მოქმედი და ყოფილი გამგებლებიც არიან, რომლებიც "ოცნებამ" დაიწუნა და ამის გამო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გადაწყვიტეს ბრძოლა იმ პარტიასთან, რომელმაც მათ ზურგი აქცია.

ამ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის სულ 15 დამოუკიდებელი კანდიდატია დარეგისტრირებული და მათგან 6 სულ ახლო წარსულში "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო. დმანისი, ასპინძა, ოზურგეთი, გურჯაანი, ადიგენი, ცაგერი - ამ მუნიციპალიტეტებში "ოცნებას" საკუთარი დაწუნებული თუ განაწყენებული კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

"ოცნების" მიერ საკუთარი თანამებრძოლის დაწუნების გამო დიდი დაპირისპირებაა დმანისში, სადაც "ოცნებამ" 2012 წლიდან პარტიის წევრის, მოქმედი გამგებლის გოგი ბარბაქაძის წარდგენაზე უარი თქვა და როგორც ბარბაქაძე აცხადებს, მის ნაცვლად ახალი კანდიდატის შერჩევა "ნაციონალებიდან" პორტირებული მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა.

ახალ კანდიდატად "ოცნებას" გიორგი ტატუაშვილი ჰყავს შერჩეული და ბარბაქაძის თქმით, ის ოქრიაშვილის პროტეჟეა.

პარტიის მხრიდან, "დაწუნების" გამო, გოგი ბარბაქაძე უკვე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატადაა დარეგისტრირებული და აცხადებს, რომ მისი ამ გადაწყვეტილების გამო კახა ოქრიაშვილი და მისი გუნდი მას და სხვა კანდიდატებს, რომლებიც დღემდე "ქართული ოცნების" წევრები არიან, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, კანდიდატურის მოხსნას აიძულებს.

"კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წლიდან გვებრძოდა, გვივარდებოდა ოჯახებში, გვარბევდა, გვემუქრებოდა, დღესაც იმავე მეთოდებით გვებრძვის", - აცხადებს დმანისის მოქმედი გამგებელი, "ქართული ოცნების" წევრი გოგი ბარბაქაძე ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის წარმომადგენელ "დროა.გე"-სთან საუბარში.

გოგი ბარბაქაძემ ფაქტების შესასწავლად უწყებათაშორის კომისიასაც მიმართა, კომისიამ კი ბარბაქაძის განცხადება პროკურატურას გადაუგზავნა.

კახა ოქრიაშვილი ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ დმანისის გამგებელი გოგა ბარბაქაძე "გაქნილი ინტრიგანია" და არ უნდა, მან "ქართული ოცნებიდან" იყაროს კენჭი.

ოქრიაშვილი მოქმედ გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ წელიწად-ნახევრის წინ აუდიტის სამსახურის მიერ მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.

"სს-ის საქმე არის აღძრული უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ დმანისის გამგებელი წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. სამი ადამიანი, ვინც არ დაემორჩილა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით გაათავისუფლა თანამდებობებიდან.

"აქედან გამომდინარე, ამ კორუფციული სკანდალების ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" არ წარადგინა, როგორც კანდიდატი. ის გაბრაზდა და ემოციურ ფონზე სისულელეებს სჩადის.

"მის გონებრივ პოტენციალზე ძალიან სპეციფიკური ხედვა მაქვს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ იყაროს კენჭი. პოლიციაშია ნამუშევარი და გაქნილი ინტრიგანია", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ასეთი სკანადალი სხვა მუნიციპალიტეტებში არ არის, თუმცა მერობისთვის ბრძოლაში დაპირისპირება "ოცნების" წევრებს შორის არის სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის სახელით მონაწილეობდა და გაიმარჯვა, ის მოვალეობას ამ დრომდე ასრულებს, თუმცა მერობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელითაა დარეგისტრირებული. ასპინძის მერობის კანდიდატად "ოცნებას" ამ ჯერზე როსტომ მაგრაქველიძე ჰყავს წარდგენილი.

"ოცნებას" საკუთარი თანაგუნდელი უპირისპირდება ასევე გურიაშიც. ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძეც. ის გამგებლად 2012 წლის შემდეგ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. მას ბრძოლა მოქმედ მერთან, "ოცნების" კანდიდატ ბეგლარ სიორიძესთან მოუწევს.

კახეთში, გურჯაანის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებულია მიხეილ ფურცელაძე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა, "დროა.გე"-ს ინფორმაციით, მას მოქმედ გამგებელთან აქვს კონფლიქტი.

მერობის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი მინდია ჯელია ჰყავს ადიგენს, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო და, გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში ის გამგებელთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.

ასევე ცაგერში "ოცნების" მერობის ახალ კანდიდატ ავთანდილ უგრეხელიძეს დაუპირისპირდება ალუდა კვირიკაშვილი, რომელიც ამჟამად ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×