(რეზონანსი) ლვოვში, გალიცკის რეგიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ახალი ძალების მოძრაობის" წევრ დავით საყვარელიძეს,რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.
პროცესზე დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ის კანონმორჩილი მოქალაქეა და ადმინისტრაციული კანონი არ დაურღვევია. მოგვიანებით, საყვარელიძემ „Facebook"-ის გვერდზე დაწერა, რომ ის მისი გუნდის წევრებთან ერთად ბრძოლას განაგრძობს.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლისთვის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეზღუდვების დაწესებას ითხოვდა. დავით საყვარელიძე საზღვარზე პირთა ჯგუფის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გადაყვანის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.
დავით საყვარელიძის განცხადებით, სასამართლოს ესმის, რომ ეჭვმიტანილობის ოქმი, ისევე, როგორც მთლიანად ეს საქმე ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი პოლიტიკურ საქმიანობას, მხარდამჭერებთან შეხვედრებსა და რეგიონებში სიარულს გააგრძელებს.
„დამტოვა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე, ვინაიდან, მიხვდა მოსამართლე, რამდენად აბსურდული საქმეა. მიხვდა მოსამართლე, რომ არც რეციდივისტი ვარ და არც პირველად და უკანასკნელად ვარ სასამართლოში და არც ვაპირებთ, რამე კანონი დავარღვიოთ, პირიქით, ვიბრძვით უკრაინისთვის" , - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით საყვარელიძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშეა დატოვებული, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდა. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს ორშაბათს პროკურატურაში ელოდებიან.