რეზონანსი
16.09.2017

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციების ციკლს იწყებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პირველი აქცია 17 სექტემბერს გაიმართება. მისი განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართავენ.

„უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას, 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება, რვა ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება" , - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განმავლობაში „პატრიოტთა ალიანსს" მოთხოვნები რამდენიმე ნაწილში ექნება - კონსტიტუციის ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში და სოციალურ-პოლიტიკურ ნაწილში.

ინაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს მოთხოვნები გააცნო.

1. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

2. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

3. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.

პოლიტიკურ ნაწილში ვითხოვთ:

1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის „საქართველო-ნატო-რუსეთის" ამოქმედებაზე რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცველობის კუთხით და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

სოციალური პოლიტიკის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები ასეთია:

1.შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია,რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას,არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს. წლიურად,ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%,იგივე უნდა ეხებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას.

2. იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა - სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია,რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებულის საქმეს და არა მარტო განიხილავს,არამედ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყოველი კონკრეტული ოჯახის საკითხს,სწორედაც რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

3. დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს,რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს,შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების მინიწების აბსურდული სისტემა,რომლის საფუძველზეც შემწეობა ერთმევა ყველა გაღატაკებულ ფენას",- განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×