(რეზონანსი) საფრანგეთის პოლიცია ევროპის სარკინიგზო გზებზე მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეს ხედავს. მათი ინფორმაციით, ტერორისტები ტყის ხანძრების მოწყობას და საკვები პროდუქტების მოწამვლას გეგმავენ. ამის შესახებ გაზეთი „Le Parisien"-ი საფრანგეთის პოლიციის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, პოლიციის 7-გვერდიანი ანგარიში სექტემბრის დასაწყისში შეიმუშავეს. „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინფორმაციას, რომელიც რკინიგზის ტერიტორიაზე ნებისმიერ საეჭვო მოძრაობას შეეხება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
ფრანგი სამართალდამცავი ორგანოები ანტიტერორისტული გეგმის გადახედვას არ გამორიცხავენ. გაზეთის ცნობით, ახალი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურები სარკინიგზო გზებზე, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ტურისტულ ობიექტებზე დაცვას გააძლიერებენ.
15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ „პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც ლონდონის დასავლეთიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. 16 სექტემბერს ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა.