(რეზონანსი) გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში „რბილ" ნარკოპოლიტიკას უჭერს მხარს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ნიუ-იორკში უთხრა, როდესაც მექსიკის მაგალითზე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლების ნაბიჯები შეაფასა. ამის შესახებ „cbs news"-ი იუწყება.
„მე ვიყავი პრემიერმინისტრი პორტუგალიაში, როდესაც დამტკიცდა ახალი ნარკოპოლიტიკა. ჩვენ მოვახდინეთ მოხმარების დეკრიმინალიზაცია. დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია პრევენციისა და რისკების შემცირების კუთხით, რათა, მაგალითად, შემცირებულიყო აივ დაავადადებათა გავრცელების რისკი. დანაშაულის დონე, მოხმარებაც კი შემცირდა. ეს შემზღუდავი პოლიტიკის ალტერნატივაა", - აღნიშნა გუტიერეშმა.
გაერო-ს გენმდივანმა აღნიშნა, რომ მომხმარებლებისგან განსხვავებით, ნარკომოვაჭრეების მიმართ ზომები მკაცრი უნდა იყოს.
„მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მილიტარიზაციის გზით არის შესაძლებელი. ასევე აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება", - განაცხადა გუტიერეშმა.