რეზონანსი
17.09.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის ცენტრში, ნახევარი საუკუნის წინ, ონკანში ბუნებრივი წყაროდან წყალი მოდიოდა, დღეს კი მხოლოდ წვეთები მოდის. ის ერთადერთი ონკანი იყო სოფელში, რომლითაც 80-მდე კომლი სარგებლობდა. ამის შესახებ შიდა ქართლის ადგილობრივი მედია წერს.

სოფელ ცხავერში 7 კომლია. რამდენიმე წლის წინ, მათთვის სასმელი წყლის სისტემა შეცვალეს. ბუნებრივი წყაროდან მილები სამი მიმართულებით გაანაწილეს. თუმცა, ამ რეაბილიტაციამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. წყაროს წყალი სოფლის ცენტრში აღარ მიდის.

სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2010 წელს ჩატარდა. სამივე ონკანი ერთმანეთთან არა პარალელურად, არამედ მიმდევრობითაა დაკავშირებული. პირველ ონკანში, რომელიც სოფელში მუდმივად მცხოვრებ 7 ოჯახთან მოშორებულია, წყალი მუდმივად მოდის,შემდეგ კი წყალი არც ერთ ონკანში აღწევს.

ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის გუბერნატორსა და გამგებელს 2014 წელს მოახსენეს. გუბერნატორი მათ დაპირდა, რომ დენს გაუყვანდნენ, გზას შეუკეთებდნენ, რაც შესრულდა. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამ პრობლემის მოგვარება ისევ ვერ მოხერხდა.

მსგავსი პრობლემა სოფელ ქვახვრელის მოსახლეობასაც ჰქონდა. დაახლოებით 3 თვის წინ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ქვახვრელში სასმელი წყალი კომუნისტების დროსაც კი არ ჰქონდათ. ამის საპასუხოდ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფოტო გაუგზავნეს,რომელზეც გასული საუკუნის 70-იანი წლებში გაკეთებული ონკანი ჩანს.

„აჩვენეთ ეს ფოტო გამგებელს. აქაც რომ იყო სოფელში, თქვა, წყალი კომუნისტების დროსაც არ გქონდათო და იქნებ თქვენ უთხრათ სიმართლე, რომ ტყუილების ნაცვლად საქმე აკეთოს" , - აცხადებენ ქვახვრელის მცხოვრებლები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის გაყვანის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების ვადა რამდენიმეჯერ გადასწიეს, საბოლოოდ კი პროექტი მიატოვეს. კომპანია „არქიკულტურამ" პროექტის განხორციელებისთვის 880 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებიყო. „არქიკულტურამ" ამ ხნის განმავლობაში 800 000 ლარი „აითვისა". კომპანიის დირექტორი სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებდა. მეორე ვადა 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა. სამუშაოები ისევ არ დასრულდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×