ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არც ციხე ელის და არც საქართველოში ექსტრადირება. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებელი მანამდე იქნება, სანამ მას მუდმივი საცხოვრებლის დოკუმენტები აქვს.
ამათან, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარება მოითხოვონ.
სააკაშვილს რომ აღარც დაკავება ელის და აღარც ქვეყნიდან გაძევება, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
"მე, როგორც გენერალური პროკურორი, მკაფიოდ ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით არ იქნება დაკავებული. სააკაშვილი არ იქნება ექსტრადირებული ამ ქვეყნიდან, ვიდრე მას ექნება მუდმივი საცხოვრებლის დოკუმენტები, რომელიც მან წარადგინა", - აღნიშნა ლუცენკომ.
ამასთან, სააკაშვილი კიევში ჩავა არა 19 სექტემბერს, როგორც ეს დაანონსებული იყო, არამედ 17 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად და ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებს.
პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასებით, კიევში განვითარებული მოვლენები გარკვეულ გავლენას საქართველოში 21 ოქტობერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზეც მოახდენს. თუმცა, მათივე შეფასებით, ოდესის გუბერნატორის სამომავლო პოლიტიკური გეგმები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, უკრაინისკენ იქნება მიმართული."ჩვენ გადავწყვიტეთ, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად 17 ოქტომბერს კიევში შევიდეთ სამი მოთხოვნით: შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო, გაუქმდეს დეპუტატობის იმუნიტეტი და მიღებულ იქნას ახალი საარჩევნო კანონი. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ჩვენ ამას შევკრებთ მთელ უკრაინაში 17 ოქტომბრამდე", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილის უკრაინაში გააქტიურება, მის მიერ საზღვრის გარღვევა და ქვეყანაში ჩასვლა საქართველოში ნამდვილად მოახდენს გარკვეულ გავლენას მოსახლეობაზე. იმ ნაწილისთვის, რომელიც "ნაციონალების" მხარდამჭერია, სააკაშვილი გახდა პოლიტიკოსი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.
"ყოფილი საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები გავლენას გარკვეულწილად მოსახლეობის იმ ფენაზე მოახდენს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭიროს მხარი თვითმმართველობის არჩევნებში და გარკვეულწილად "ნაციონალური მოძარობისკენ" იხრება", - აცხადებს ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა უკრაინაში შესაძლოა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვონ.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაიაში გარკვეული პროდასავლური ტიპის პარტიების ალიანსი ყალიბდება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა მოითხოვონ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მართალია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვერ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მას უკრაინის მოქალაქეობა არ გააჩნია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტის პოსტი მან თუნდაც იულია ტიმოშენკოს დაუთმოს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 16 სექტემბერს ტელეკომპანია "უკრაინის" ეთერში გოგა ხანდრავას სერიალ "ჰეროკრატიის" პრემიერა გაიმართა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან ისტორიას ასახავს.
ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ, სანამ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის გადაცემაშიც განაცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოდან უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება იყო დაგეგმილი, რომელიც მილიარდერ რინატ ახმეტოვს გოგა ხაინდრავასგან ჰქონდა ნაყიდი.
"მე ტელევიზიებში არ მიწვევენ, მაგრამ ჩემზე საუბრობენ. ჩუპაკაბრა ჰქვია, მგონი, იმ ცნობილ ცხოველს, რომელიც არ ჩანს. მე ჩუპაკაბრასავით ვარ. ჩემზე საუბრობენ, მაგრამ მე არ ვჩანვარ. ახმეტოვის დავალებით ყოველ 3-4 დღეში ჩემზე რაღაც ფილმის ახალ-ახალ სერიებს უშვებენ.
"მეტიც, ამათ იყიდეს იმ კოლეგა ივანიშვილისგან საქართველოში, რომელმაც პატარა სახელმწიფო საქართველო იყიდა, 25-სერიანი ფილმი. ახმეტოვმა ეს ფილმი ოლიგარქ ივანიშვილისგან იყიდა და როგორც მე ვიცი, მომდევნო თვეებში დაიწყებენ ამ ფილმის ჩვენებას უკრაინის არხებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მართალია, სააკაშვილი დროში შეცდა, თუმცა ფაქტია, ყველა იმ მოვლენის შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, 16 სექტემბერს, ტელეკომპანია უკრაინაში "ჰეროკრატიის" პრემიერა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.
ლვოვის პოლიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით აღძრა.
მანამდე, 26 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.