(რეზონანსი) „ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მან 500 ლარით დააჯარიმა 7 დღეში უნდა გადაიხადოს.
სხდომაზე ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს. კერძოდ, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" გამართული აქციის დღეს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები.
სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და დაკავების შემდეგ პატრულის ავტომობილში სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სადღობელაშვილი პატრულის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას გეგმავს. იგი მოსამართლის დღევანდელ გადაწყეტილებას ასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ სადღობელაშვილი 12 სექტემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
12 სექტემბერს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისთან "ქართული მარშის" წევრებმა აქცია დაიწყეს. მათ სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის - კახა კალაძის შტაბისკენ დაიძრნენ.