რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა დარჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს.

ფოტოზე, სადაც მოსწავლეები დარჩიძესთან ერთად "ქართული ოცნების" დროშებით არიან გამოსახულნი, მარიან დარჩიძე აცხადებს, რომ ფოტოს გადაღება მოსწავლეებმა სთხოვეს და დროშებით მიიტანეს მათ სკოლაში.

"ვერ მოვიფიქრე, რომ ეს აგიტაციად ჩამეთვლებოდა თორემ არ დაგავუღებდი. მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ", - უთხრა „იმედს" დარჩიძემ.

როგორც სკოლის დირქტორი ოთარ დავითაძე ამბობს, ფოტოს გადაღების ფაქტს სკოლაში არსებული დისციპლინური კომისია სწავლობს.

მისივე თქმით, პირველი კლასის პედაგოგმა მოსალოდნელი შედეგები ვერ გათვალა.

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, დროშების სკოლაში აღმოჩენის მოტივი დასადგენია.

„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგი „ქართული ოცნების" აქტივისტი არ არის და დასადგენია, რეალური მოტივები, "ქართული ოცნების" დროშები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან რატომ აღმოჩნდა. ქვეყანაში რაც არ უნდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს", - ამბობს ჯაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი კლასის პედაგოგმა 15 სექტემბერს მოსწავლეებთან ფოტო გადაიღო, რომელშიც პატარებს ხელში „ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. ფოტო სოციალურ ქსელში თავად პედაგოგმა გაავრცელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×