
ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, ქალაქის ვიზუალური სტანდარტის შემოღება და ქართული შრიფტის სათანადო დაცვა, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის განხორციელებას "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ურბანული პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით გეგმავს. მან დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს უკვე მიმართა და გააფრთხილა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის კანდიდატმა ქალაქის განვითარების და აღორძინების 7 პროგრამის მიმართულების პრეზენტაცია გამართა. მათ შორისაა ურბანული პოლიტიკის განვითარება, რომელზედაც 15 სექტემბერს კახა კალაძემ საკუთარ გუნდთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად დეტალურად ისაუბრა.
ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე კომპონენტი გამოიყო: მშენებლობის სტანდარტი, თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის ვიზუალური სტანდარტი.
პრეზენტაციაზე თითოეული კომპონენტი დეტალურად განიხილეს თბილისის მერობის კანდიდატის გუნდის წევრებმა თემურ ბოლოთაშვილმა და ირაკლი ხმალაძემ. მათი განმარტებით, მაღალი სტანდარტი დაწესდება ეკოლოგიური მიმართულებით, რათა მოქალაქეებმა იცხოვრონ და იარსებონ სუფთა გარემოში. გარდა ამისა, შემუშავდება ახალი სამშენებლო წესები და განხორციელდება როგორც სფეროს კანონდებლობის რეგულირება, ისე ინსტიტუციური რეფორმა. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მშენებლობის პროცესის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვა. ასევე დარეგულირდება ხმაურისა და დაბინძურების დონეები.
პრეზენტაციაზე საზოგადოებამ ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმაც იხილა. იურისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათ პუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება შემდეგ ქუჩებზე: ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და სხვა.
„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. ოთხი წელიწადში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება.
კახა კალაძემ დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
"არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი, პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა ახლა გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასაც ითვალისწინებს და როგორც მმართველ გუნდში ირწმუნებიან ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
"სიცოცხლით სავსე ქალაქის" ფარგლებში მერობის კანდიდატი ქალაქის ვიზუალური სტანდარტის შემოღებასაც აპირებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
„მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი. ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა მოიწონა და აღნიშნა, რომ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ მისი თანმიმდევრული განვითარებაა.
გეგმა დადებითად შეფასდა თავად სპეციალისტების მხრიდანაც. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები მალე გადაიდგმება.