(რეზონანსი) საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოზე მიცემულ სკანდალურ ჩვენებაზე, მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
,,2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადმოკვეთეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრობდნენ. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პირების, ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა.
„თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის იძებნებოდნენ, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი 2016 წელს დააკავეს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული პროცედურების განხორციელების შედეგად, ერთი პირი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებულ იქნა, ხოლო მეორე პირის მიმართ ამჟამადაც საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი გრძელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება მისცა, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქის სახლში 2016 წელს, რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა.