(რეზონანსი) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატმა და მისმა მეუღლემ იმ პირების ამსახველი ფოტო და ვოდეომასალა გაასაჯაროეს, რომლებიც მათი თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეგობარს დაშგინ აღალარლის გატაცებამდე უთვალთვალებდნენ.
ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, ოთხი მოთვალთვალე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასაც დაჰყვებოდა.
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მათ 7 აგვისტოს პროკურატურას წარუდგინეს ეს ფოტო და ვიდეომასალა, თუმცა დღემდე ამ პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა. მუხტარლის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის წინააღმდეგ ახალი დანაშაული მზადდებოდეს, ქართველი სამართალდამცავების უმოქმედობის გამო კი დაზარალებულებს თავს დაუცველად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ქართულმა გამოძიებამ აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხტარლის დაკითხვის თხოვნითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე თხოვნას გამოხმაურება არ მოჰყოლია.