რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ, რამდენიმე მათგანმა შიმშილობა დაიწყო.

დაზარალებულები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

ამასთან, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხანძარი სავაჭრო ობიექტში განგებ გაჩნდა, ამიტომ ხელისუფლებას სთხოვენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინოს. დაზარალებულთა მხარდასაჭერად აქციაზე იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

მისი განცხადებით, მაშინ როდესაც "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გაჩნდა, კახა კალაძე ვიცე პრემიერი იყო. ხატიაშვილის განცხადებით, მას, როგორც ვიცე პრემიერს დაზარალებულების მიმართ დახმარების სურვილი არ გამოუთქვამს და ახლა არანაირი მორალური უფლება არ აქვს, თბილისის მერის არჩევნებში კენჭი იყაროს.

ხატიაშვილის განმარტებით, კალაძეს "დიდი გავლენები აქვს" იმისთვის, რომ დაზარალებულების პრობლემა სასწრაფოდ მოაგვაროს.

"მაშინ, როდესაც „ბავშვთა სამყარო" დაიწვა, ეს ადამიანი დაიმალა. დღეს კი ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს თბილისის მერი. დაზარალებულები გააპროტესტებენ და მივლენ ყველა იმ ადამიანის ოფისთან, ვინც, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ამ პირების უბედურებაში. კახა კალაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიმალა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იტანჯებოდა ეს ხალხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები

შეგახსენებთ, რომ „ბავშვთა სამყაროში" ხანძარი 30 იანვარს, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის გაჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×