(რეზონანსი) თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ვაკეში, „ქართუ ბანკთან" მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც დათუკიშვილი აცხადებს, უცნობმა პირმა სახეში ხელი გაარტყა.
„ვესაუბრებოდი ჩემს თანაგუნდელს, რა დროსაც, ბანკის შენობიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სახეში დამარტყა. ვკითხე მიზეზი, თუმცა მას პასუხი არ ჰქონდა. ის იყო თავის გამოჩენის სურვილით დაკავებული, იმიტომ, რომ არის მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანი ივანიშვილის ფრთებქვეშ", - განაცხადა დათუკიშვილმა.
მან პატრულს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. როგორც დათუკიშვილი ამბობს, პირის იდენტიფიცირების შემდეგ სარჩელს მოამზადებს და სასამართლოს მიმართავს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ „ქართუ ბანკთან" გამართულ აქციას, უკვე დასრულებულია. თუმცა აქციის მონაწილეები დათუკაშვილის განცხადების გამო, ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ.