(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნაა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული დოკუმენტით შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.