(რეზონანსი) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლისთვის წიგნების 60% მთლიანად განახლდა, 40% კი, გამოყენებული წიგნები დარჩა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
სააგენტოში განმარტეს, რა იწვევს მშობლების უკმაყოფილებას, რომელთა შვილებსაც გამოყენებული წიგნები შეხვდათ.
„კანონით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლამ წიგნის ვარგისიანობა უნდა შეაფასოს. სკოლებს ეს მონაცემები სამინისტროს სპეციალურ ბაზაში შეჰყავთ, რომლის მიხედვითაც ვიგებთ თუ კონკრეტულ სკოლას, რა რაოდენობის ახალი სახელმძღვანელო სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლების მიერ ბაზაში შეტანილი ინფორმაცია არ არის სწორი, რაც შემდგომში ნაკლოვანებებს იწვევს. ზოგიერთ მოსწავლეს იმდენად ნახმარი წიგნი ხვდება, რომ მშობელს პრეტენზია უჩნდება. ეს პრობლემა არ დარეგულირდება, თუ საჯარო სკოლამ ის მოვალეობა არ შეასრულა, რაც მას აქვს დაკისრებული და სათითაოდ არ გადაფურცლა ყველა სახელმძღვანელო", - განაცხადა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა.
განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 7 819 401,40 ლარის ღირებულების წიგნი შეიძინა.