(რეზონანსი) საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას მიერ საგამოძიებო უწყებაში წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება.
"აფგან მუხტარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმე ლეილა მუსტაფაევამ საგამოძიებო უწყებაში, მისი და მისი მეუღლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის განმახორცილებელი პირების ფოტო სურათები და ვიდეო კადრები წარმოდგენა. წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება. ამ საქმეზე უკვე მოწმის სახით ლეილა მუსტაფაევა და აფგან მუხტარლის მეგობარი გამოიკითხნენ. გამოძიებამ მუსტაფაევას მიერ მითითებულ პერიოდებსა და ადგილებში გარე მეთვალყურეობის კამერების ვიდეო ჩანაწერები ამოიღო", - ამბობენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხტარლის ადვოკატმა და მისმა მეუღლემ დღეს იმ პირების ამსახველი ფოტო და ვოდეო მასალა გაასაჯაროეს, რომლებიც მათი თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის მეგობარს - დაშგინ აღალარლის გატაცებამდე უთვალთვალებდნენ.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.