ეკატერინე ბასილაია
20.09.2017

 პარლამენტის 51 წევრი, ანუ დეპუტატების მესამედი პარალელურად ბიზნესმენია, უფრო სწორად, აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო საქმიანობაში; მათგან დეკლარაციაში ბიზნესაქტივობა დამალული აქვს 16 დეპუტატს, აქედან 14 "ოცნებიდანაა", 2 - "პატრიოტთა ალიანსიდან"; 9 პარლამენტარი დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, რეგისტრირებულია დირექტორად, რაც, კანონის მიხედვით, დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივობას ფლობენ "ქართული ოცნების" წევრები: ივლიანე წულაია - 31 კომპანიას, კახაბერ ოქრიაშვილი - 13 კომპანიას და ნინო წილოსანი - 13 კომპანიას. მათგან გასულ წელს ყველაზე დიდი შემოსავალი, 17 მილიონ ლარზე მეტი, მიღებული აქვს ოქრიაშვილს.

დეპუტატთა ბიზნესინტერესებზე, სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე საუბარია "საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც უკმაყოფილო განცხადებები მოჰყვა კვლევაში ნახსენები "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან.

აყველაზე დიდი უკმაყოფილება დეპუტატების დირექტორად დასახელებას მოჰყვა. დღის პირველ ნახევარში არც ერთი დეპუტატი არ ადასტურებდა "დირექტორობას", თუმცა დღის მეორე ნახევარში გადაამოწმეს მონაცემები საჯარო რეესტრში და "აღმოაჩინეს", რომ ამ დრომდე სხვადასხვა კომპანიის დირექტორებად ისევ რჩებიან. ამდენად, უკანონობაში დადანაშაულებული დეპუტატებისგან ოპოზიციის წევრებმა "აღიარეს" დირექტორობა, ოღონდ - მხოლოდ ფურცელსა და რეესტრში, "ოცნებაში" კი - არა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობა რეესტრში ოფიციალურად არის აღნიშნული, აცხადებს, რომ რადგან მის "რამდენიმე პატარა ფირმას" დიდი ხანია, საქმიანობა შეჩერებული აქვს, კვლევაში ბიზნესთან მისი ასოცირება ავტორების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

კვლევის მიხედვით, პარლამენტის 9 წევრია რეგისტრირებული დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. მათგან 7 "ქართული ოცნების" წევრია: ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, იოსებ მაკრახიძე, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, დავით ჭიჭინაძე, დიმიტრი ხუნდაძე. ერთია "ევროპული საქართველოდან" - მამუკა ჩიქოვანი და ერთიც "პატრიოტთა ალიანსიდან" - გიორგი ლომია.

კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომერციული იურიდიული ფირმის დირექტორი, ეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება და, კანონის თანახმად, ასეთ დეპუტატს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

 "კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? თუ იმავე წარმატებით აქვთ შესწავლილი სხვა კეისებიც, მაშინ ამ კვლევის სანდოობის ხარისხზე არ შეიძლება საუბარი. ეს არასერიოზულია... ან არაპროფესიონალიზმის ამბავია, რომ სიღრმისეულად არ შეისწავლეს ეს თემა, ან საქმე გვაქვს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებასთან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი მამუკა ჩიქოვანი "აღიარებს" დირექტორობას. ამბობს, რომ ის ნამდვილად შპს "კლუბი რუსთავის" დირექტორი იყო, მაგრამ შპს-ს დაფუძნებიდან, 2014 წლიდან დღემდე არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია, ხელფასიც არ აუღია, თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, კომპანიიდან გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

"სიმართლე გითხრათ, გზაც არ ვიცი, როგორ ვაიძულო დამფუძნებელი, რომ მივიყვანო საჯარო რეესტრში და გამათავისუფლოს ამ უფუნქციო შპს-დან," - განაცხადა ჩიქოვანმა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომია ამბობს, რომ მას ეს კომპანია და დირექტორობა არც ახსოვდა, რადგან 2008 წლის შემდეგ კომპანია არ ფუნქციონირებს.

"დირექტორობა კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა ამ შემთხვევაში არის ის, რომ შეუთავსებელ საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს პარლამენტარი და მე საქმიანობას არ ვეწევი. კი, როგორც აღმოჩნდა, ისევ ვირიცხები დირექტორად, არ გაუქმებულა, მაგრამ კომპანიასთან შეხება 2008 წლიდან არ მქონია," - ამბობს ლომია.

ამავე კვლევაში საუბარია ასევე იმაზე, რომ პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი, მათგან 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვს, აქედან 14 დეპუტატი უმრავლესობიდანაა და ესენი არიან: კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ლევან ბეჟანიძე; ხოლო 2 დეპუტატი - ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია - არის "საქართველოს პატრიოტებიდან".

დეპუტატებიდან 16 წევრს ქინებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული.

გარდა ამისა, მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან, 2016 წლის 18 ნოემბრიდან აგვისტოს ჩათვლით "ქართული ოცნების" 3 დეპუტატთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული, ასეთ სტანდარტს კი კონსტიტუციის 53-ე მუხლი კრძალავს. მათ შორისაა კახაბერ ოქრიაშვილთან დაკავშირებული კომპანიები: "პსპ ფარმა" და "პსპ დაზღვევა"; იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული შპს "იბოლია" და გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებული შპს "იბერკომპანია".

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი, 17 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული კახაბერ ოქრიაშვილს, ხოლო 1-1 მილიონზე მეტი ლარი აქვთ მიღებული გრიგოლ მიქელაძესა და ელგუჯა გოცირიძეს. სამივე "ოცნების" დეპუტატია.

"საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ანგარიში გადააგზავნა საკანონმდებლო ორგანოში და საკითხში გარკვევა ამჯერად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×