(რეზონანსი) „ქართველთა მარშმა" ხელისუფლებას შვიდპუნქტიანი მოთხოვნების გეგმა წარუდგინა, რომელთა შესასრულებლად ვადა პირველ ოქტომბრამდე მისცა.
როგორც „ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს პირველ ოქტომბრამდე არ დააკმაყოფილებს, ისინი მასობრივ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყებენ და შენობის პიკეტირებას მოახდენენ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუერთდებიან.
„აიკრძალოს სოროსი, უარი თქვან უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვაზე, შეიცვალოს საარჩევნო კანონი და ხალხს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდეს" - ასეთია ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც „ქართული მარშის" წევრები ხელისუფლებას უყენებენ.
„ადგილზე 500-მდე მოშიმშილე მობილიზდება, კანცელარიაში მინისტრებს არ შევუშვებთ, მოვახდენთ ასევე სხვა სამთავრობო შენობების პიკეტირებასაც. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენს მოთხოვნებს ყური დაუგდოს", - აცხადებს ბრეგაძე.
ცნობისთის, 12 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისთან „ქართული მარშის წევრებმა" აქცია დაიწყეს - მათ სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბისკენ დაიძრნენ.
„ქართულმა მარშმა" 11 სექტემბერს რადიკალური და გრძელვადიანი აქციები დააანონსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიწა უცხოელებზე არ გაყიდოს.