(რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილშმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა და მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც.
მისი თქმით, გაზის ტარიფი საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13, დუშეთში - 16, ყაზბეგში - 17, გორში - 11, ზესტაფონში - 14, გურიასა და აჭარაში კი - 12 თეთრით გაძვირდა.
„საზაფხულო არდადეგების პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც შეიძლება პარლამენტარს ან ბიუროკრატს ნაკლებად აღელვებდეს - ეს გაზის ტარიფის ზრდა იყო. რატომღაც ჩაითვალა, რომ რადგან თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც.
„სინამდვილეში გაზის ტარიფი მთელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა - საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13 თეთრით, დუშეთში - 16 თეთრით, ყაზბეგში - 17 თეთრით, გორში - 11 თეთრით, ზესტაფონში - 14 თეთრით, გურიის სამივე რაიონში - 12 თეთრით, აჭარაში - 12 თეთრით. მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაზის ტარიფი გაუძვირდა, რასაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ბევრი ვერც გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში არაერთ ოჯახს ძალიან მძიმედ დააწვება. ამას ვახსენებ „ქართულ ოცნებას", რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება იყო", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.