(რეზონანსი) "ვაპირებ სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას. აუცილებლად მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას," - ეს განცხადება ქრონიკა პლიუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გააკეთა.
"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკვე ხელისუფლებიდან წასული ჯგუფის ბინძური პროვოკაცია სასამართლოს მიერ აღკვეთილი იქნა და ამისთვის მადლობა სასამართლოს. სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას ვაპირებ. აუცილებლად მოვითხოვ იმ ჩამდები პოლიციელების დასჯას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ დედაჩემის საქმიანობისა და "ქრონიკა+" გამო მოხდა ის რაც მოხდა", - განაცხადა ხარშილაძემ.
ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ შს მინისტრი გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა იმ პირს თანამდებობიდან გაათავისუფლებს, ვინც მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ხარშილაძე სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში გამართლდა.