რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმის მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების აღება მოითხოვა. ქალაქის მერიამ სპეციალური ატრაქციონები ექვს პარკთან განათავსა, თუმცა მშობლების ნაწილმა ფრიდონ ხალვაშისა და ინასარიძის ქუჩებიდან ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. ისინი ამბობენ, რომ ატრაქციონებზე მათი ბავშვები სხდებიან და ზიანდებიან.

ბათუმის მერიამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

„მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება", -აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, ეს ფაქტი კვალიფიცირდება როგორც სამართალდარღვევა.

„სსსკ-ის 187-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქმედება გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვანი ზიანი არის 150 ლარს ზევით, უნდა ჩატარდეს სასაქონლო ექსპერტიზა და თუ დადგინდა, რომ დაზიანება აღნიშნულ თანხას აღემატება, მაშინ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს " , - განაცხადა იურისტმა.

მერიამ 6 ატრაქციონში 17 ათასი ლარი დახარჯა. პრესსამსახურის განცხადებით, მერია თვითნებურად აღებულ ადაპტირებულ ატრაქციონებს ხელმეორედ დაამონტაჟებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×