(რეზონანსი) მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი შესაძლოა გადააყენონ. იმპიჩმენტის ინიციატივა პარლამენტის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს, მიხაი გიმფუს ეკუთვნის. ამის შესახებ მან სპეციალურ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.გიმფუს თქმით, პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ასრულებს და არაქმედითუნარიანია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გამოცემა „tass.com"-ი წერს.
„პრეზიდენტი არა მხოლოდ უარს ამბობს კანონების დამტკიცებაზე, ის უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ რეფერენდუმის გზით, მისი იმპიჩმენტის პროცედურები დავიწყოთ" , - განაცხადა დეპუტატმა გიმფუმ.
მოლდოვის 101-წევრიან პარლამენტში „ლიბერალები" უმცირესობას წარმოადგენენ და მხოლოდ 11 ადგილი აქვთ. მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, იმისათვის,რომ ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადააყენონ,საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა ხმების 1/3-ია საჭირო. ამის შემდეგ კი მოსახლეობის აზრის გასაგებად, რეფერენდუმი ჩატარდება.
მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ მას იმპიჩმენტის არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმის შემთხვევაშიც კი მოსახლეობა მისი გადადგომის წინააღმდეგი იქნება. დოდონის თქმით, არ ეშინია იმ ძალის მუქარის,რომელსაც ამომრჩეველთა 80% არ ენდობა.