რეზონანსი
21.09.2017

 (რეზონანსი) ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი პარტიული ბლოკები ერთჯერადად დარჩება.ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის პროექტი საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე შეცვალა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი უმრავლესობის შეთავაზებას „მორიგ ფარსს" უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან არანაირი დათმობა არ ხდება.

„ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ერთჯერადი სატყუარათი თუ ფარსით, ერთგვარად ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც მან განიცადა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ასევე ქართველი საზოგადოების თვალში" , - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი კი მმართველი გუნდის ინიციატივას „თვალში ნაცრის შეყრას" უწოდებს.

„ეს არის აღიარება, რომ სისტემა არის შესაცვლელი და მეორე მხრივ, აღიარება იმისა, რომ მთავრობას ეშინია სისტემის ცვლილება 2020 წელს, რადგან იმედი აქვთ, რომ ამ სისტემით, როგორღაც შეინარჩუნებენ ხელისუფლებას" , - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×