ნინო ქეთელაური
22.09.2017

 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ევროპარლამენტში საკუთარი ინტერესების დამცველი წარმოადგინა. ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ევროპარლამენტის ექს-დეპუტატი ჯულიეტო კიეზა შეასრულებს. თუმცა კონფლიქტოლოგები აცხადებენ, რომ ის ვერ იქნება ოფიციალური წარმომადგენელი, რადგან არაღიარებული ქვეყნის კანდიდატი ევროპარლამენტის წევრი ვერ გახდება.

ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იტალიელი ჟურნალისტი რუსეთთან დაახლოებული პირია, რომელიც სამხრეთ ოსეთში მანამდეც არერთხელ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტის წევრი 2004-2009 წლებში იყო. რაც შეეხება მის ახალ მისიას, ის მოხარულია, რომ ევროპარლამენტში "სამხრეთ ოსეთის პოზიციის დაცვას გააგრძელებს."

"მოხარული ვარ, რომ ისევ სამხრეთ ოსეთში ვიმყოფები. როდესაც მე ევროპის მოსახლეობას თქვენი რეგიონის შესახებ ვუყვებოდი, მე ვმოქმედებდი როგორც ჟურნალისტი. ვფიქრობ, ჟურნალისტს უნდა შეეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და მე მივხვდი, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. მე გავაგრძელებ თქვენი პოზიციის დაცვას ევროპაში. მილიონობით ევროპელმა სამხრეთ ოსეთის შესახებ სიმართლე უნდა გაიგოს. ერთ საგაზეთო სტატიას ან ტელეგადაცემას შეიძლება ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდეს," - განაცხადა ჯულიეტო კიეზამ ე.წ. პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" იტალიელი ჟურნალისტის საქმიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის კრემლთან დაახლოებული პირია და მის სახელთანაა დაკავშირებული თანამშრომლობის ის ხელშეკულებები, რომლებიც ოკუპირებული ტერორტორიების ე.წ. ხელისუფლებებმა იტალიის ქალაქებთან გააფორმეს.

"კიეზა ახალგაზრდობაში იყო იტალიური მემარცხენე მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ხან სოციალისტი იყო, ხანაც კომუნისტი. ჟურნალისტობდა და იტალიურ სერიოზულ წრეებში ითვლება, რომ ის არის ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე მოსკოვთან განსაკუთრებულად დაახლოებული პირი. საერთოდ, რუსეთი ასეთი ტიპის ადამიანებისგან მთელს ევროპაში გარკვეულ სისტემას ქმნიდა ჯერ კიდევ 50-70-იან წლებში და იქ ისინი მოსკოვის საყდენად მოიაზრებოდნენ. ჯულიეტო კიეზაც ასეა და სხვანაირად რომ ვთქვათ, ის იტრალიაში კაგებეს აგენტად ითვლებოდა წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის თანამშრომელი არ იყო, მას გავლენის აგენტს ეძახდნენ. ის არაერთხელ არის ნამყოფი ცხინვალში და ხშირად ლობირებს სამხეთ ოსეთის თემატიკას ევროპაულ სივრცეში. რამდენად გამოსდის ეს, სხვა საკითხია. მაგალითად, კიეზას დამსახურებაა ის, რომ ზოგიერთი იტალიური ქალაქის მერიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. სხვათაშორის, 90-იან წლებში სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს გააცნო კატალონიური პარლამენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც კატალონიური სეპარატიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო და ცხინვალში ისიც ნამყოფია," - ამბობს მამუკა არეშიძე.

მისივე შეფასებით, ის, რომ ევროპარლამენტში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს წარმომადგენლობა ჰყავდეს, აბსოლუტურად არარეალურია.

"ეს არ არის აღირებული ქვეყანა და შესაბამისად, კიეზა ვერ იქნება ოფიციალური წარმომადგენელი. სტატუსს, რასაც უნდა იმას დაირქმევს. ეს არის უბრალოდ პიარი, უფრო შიდა მოხმარებაზე გათვლილი, თორემ თავად ცხინვალშიც კარგად ესმით, რომ ეს ვერ იქნება ოფიციალური წარმომადგენელი," - ამბობს მამუკა არეშიძე, რასაც სრულიად ეთანხმება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია.

მისი თქმით, სეპარატისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ უცხოელების ფაქტორი კარგად გამოეყენებინათ.

"ოფიციალურად არავინ მიიღებს მათ წარმომადგენელს. საერთოდ სეპარატისტები მუშაობენ ამ სისტემით, ისინი ეძებენ უცხოელებს, რომელთაც ნათესაური კავშირი აქვთ ოსებთან და აფხაზებთან (ვთქვათ, ცოლი ჰყავს აფხაზი ან ქმარი), შემდგომ ეს ნათესავები თუ არიან ფირმის პრეზიდენტი, ჟურნალისტი და ა.შ. ცდილობენ ამის გამოყენებას. შიდა ბაზარზე ასაღებენ, რომ თითქოს უცხოეთში რაღაც წარმომადგენლობა ჰყავთ. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს, ეს მხოლოდ შიდა მოხმარებისითვის გაკეთებული პიარია და ასეთი რამის დაშვება თეორიაშიც გამორიცხულია," - ამბობს პაატა დავითაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×