ეკატერინე ბასილაია
22.09.2017

 საქართველოში ლაზები იდევნებიან, - ეს პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს და უფრო მეტიც, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ღიად სდებს ბრალს, რომ მან ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს ერთიანობის მტერ თურქეთის მოქალაქეს და ეს მაშინ, როდესაც 17 ლაზი, რომლებსაც საქართველო უყვართ, უარით გამოისტუმრა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავს ბრალდებებზე კახა კოჟორიძემ გააკეთა კომენტარი და მეტს არაფერს იტყვიან. თუმცა აღნიშნავს, რომ სანამ პრეზიდენტი ვინმეს ორმაგ მოქალაქეობას მიანიჭებს, ყველა მსურველის განცხადება შედის იუსტიციის სამინისტროში, სადაც ხდება შესწავლა და მხოლოდ შემდეგ ეგზავნება სია პრეზიდენტს.

იუსტიციის სამინისტროში გამორიცხავენ, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ადამიანისთვის გაეწიათ რეკომენდაცია.

საგულისხმოა, რომ ანდრიაძის ბრალდებამდე პატრიარქი ილია ||-ის განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამწუხაროდ ლაზების და საქართველოს მოწყვეტილი სხვა ქართველების მიმართ ზიანის მომტანი ქმედებები ხდება, რამაც ამ ადამიანები განაწყენება გამოიწვია და მათ სთხოვს, "არ დაბრკოლდნენ", ეკლესიას ისინი უყვარს და ყოველთვის ეყოლება მფარველობის ქვეშ.

ილია ||-მ იგულისხმა თუ არა ზიანის მომტანი ქმედებების ერთ-ერთ ადრესატად პრეზიდენტი მარგველაშვილი, ეს უცნობია. თუმცა პატრიარქის ამ განცხადების შემდეგ ანდრიაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართა, სადაც ის წერს, რომ მისი ინფორმაციით გიორგი მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა ადამიანს, "საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერს, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას."

ანდრიაძე წერს, რომ ეცადა გამოეთხოვა იმ თურქეთის მოქალაქეთა სია, ვისაც 2016-2017 წლებში ორგამი მოქალაქეობა მიენიჭა, მაგრამ უშედეგოდ და ახლა პარლამენტს სთხოვს სიის გამოთხოვნას და გასაჯაროვებას.

"სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ ქართველი ერი ხმას მისცემდა ყველას, ვისაც თქვენ ("ქართული ოცნება") დაასახელებდით, მათ შორის პინგვინსაც კი. ამიტომ პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე," - ნათქვამია ღია წერილში, სადაც ჩამოთვლილია იმ ლაზების ნაწილის გვარიც, ვინც ორმაგ მოქალაქეობას ითხოვდა და უარი მიიღეს, ხოლო მტრულად განწყობილი თურქის ვინაობას ანდრიაძე არ ასახელებს.

"ჩვენ არასოდეს ასეთ აბსურდს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ხოლმე ასეთ ბინძურ კამპანიაში," - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, რომლის თქმითაც, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს უმძიმესი დანაშაული, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსურდული კრიტიკით.

ანდრიაძის მოთხოვნას გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა ბესელიას თქმით, სააკაშვილის დროს წინასაარჩევნოდ ყოველგვარი გადამოწმების გარეშე მოხდა ორმაგი მოქალაქეობის მასობრივად მინიჭება და ეს პრობლემა იყო, ახლა ხდება თუ არა ისევ მსგავსი რამ, არ იცის და უნდა განიხილონ.

"თუკი არსებობს ფაქტები, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოებთან ერთად პარლამენტს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და შემდეგ მოვიფიქრებთ, რა ფორმატში მოხდება მსჯელობა," - ამბობს ბესელია.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში "რეზონანსს" განუცხადეს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად პირველ რიგში განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საკითხს განიხილავს კომისია და სია, რომელიც საჯარი არ არის, ეგზავნება პრეზიდენტს.

"საბჭო იკრიბება და იქ წყდება საკითხი. განმცხადებელი მტრულად განწყობილია თუ არა, ამას ამოწმებენ. ამას დიდი პროცედურები სჭირდება," - გვითხრეს პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ლაზების თემა 6 დღის წინ გააქტიურდა, როდესაც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა "ციანიდის საქმეზე" პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის ჩვენება, სადაც ის გიორგი ანდრიაძესა და პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს 2016 წელს პატრიარქის კუთვნილ სახლში ტერორიზმში ბრალდებული სამი თურქეთის მოქალაქის თვითნებურად შეფარებაში სდებდა ბრალს. პლუს, მათ მოქალაქეობის მიღებაზე რეკომენდაციაც გაუწიეს.

ამ ბრალდებების საპასუხოდ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ საუბარია ლაზებზე, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი პრობლემები აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან, და არა ტერორისტებზე. ისინი საზღვარზე კანონიერად შემოვიდნენ. მათგან ორი ისევ საქართველოშია და ამ დეზინფორმაციით განაწყენებულები არიან, ერთი კი თურქეთის ციხეშია და მალე გათავისუფლება.

ანდრიაძის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება "პატარა კონფლიქტშია" ევროპულ სტრუქტურებთან, ხოლო ერთ-ერთი ლაზი, რომელიც პატრიარქის სახლში ცხოვრობდა, ევროსაბჭოს სტრუქტურამ გაამართლა. მისი აზრით, საქართველოს კოჰაბიტაციური ხელისუფლებაც დევნის ლაზებს. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ "საქართველოს სიყვარულით გულანთებული" ლაზები თბილისში ზოგს არ მოსწონს, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×