(რეზონანსი) 11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში პარიზის ლუვრის მუზეუმის ფილიალი გაიხსნება.შენობის დიზაინი პრიცკერის პრემიის მფლობელ ფრანგ არქიტექტორ ჟან ნუველს ეკუთვნის. მუზეუმში 23 მუდმივმოქმედი გალერეა იქნება რომელიც 600-ზე მეტ ექსპონატს დაიტევს. წელს მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი მხატვრების ნახატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, ანრი მატისი და სხვები.
აბუ-დაბის ლუვრი სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძლზე „საადიათზე" მდებარეობს, სახელი ითარგმნება, როგორც „ბედნიერების კუნძული". საამიროებს საინტერესო გეგმა აქვთ, მათ სურთ კუნძულზე შექმნან მაღალი დონის კულტურული სივრცე, გალერეებით, საკონცერტო დარბაზით, წყალქვეშა სასტუმროებითა და მუზეუმებით.
„ლუვრი პარიზის სამეფო ბრილიანტია, და შესაბამისად აბუ-დაბის ლუვრის ბედია იქცეს მსგავს ღირსშესანიშნაობად მსოფლიოს ამ ნაწილში" , - თქვა გაერთიანებული საამიროების კულტურის მინისტრმა მუზეუმის გახსნის დაანონსებისას.
გაერთიანებულმა საამიროებმა მუზეუმისგან ეს სახელი ნახევარ მილიარდ დოლარად 2006 წელს იყიდა, მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. მუზეუმის გახსნა 2012 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისის და ნავთობის ფასების ვარდნის გამო ჯერ 2016 წლამდე, ხოლო შემდეგ 2017 წლის ბოლომდე გადაიდო.