(რეზონანსი) ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ამის შესახებ „იბერიას" ეთერში ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია საზოგადოებამ ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ გაიცნო, სადაც იგი მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს აკრიტიკებდა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან მღვდელ-მონაზონის გარიცხვის საკითხი ივნისში, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ დააყენა. ანდრიაძე სასულიერო პირის უნივერსიტეტიდან გარიცხვის მოტივად მის მიერ ილია მეორისადმი გაკეთებულ „ცილისმწამებლურ განცხადებებს" ასახელებდა.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მღვდელ-მონაზონმა ანდრია (გიორგი) სარიამ არ უარყო მის მიერ გაკეთებული განცხადებები და ასევე აღნიშნა, რომ მან ინტერნეტსივრცეში და მასმედიის საშუალებით ნამდვილად ისაუბრა აღნიშნულ თემაზე. თუმცა, ანდრია სარია მიიჩნევს, რომ მას, როგორც მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მღვდელ-მონაზონმა ადრია სარიამ განაცხადა, რომ იგი უნივერსიტეტიდან არავის დაუთხოვია.
„უნივერსიტეტიდან არავის მოუხდენია ჩემი დათხოვნა, ეს არის სიცრუე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ უნივერსიტეტში რის საფუძველზე მოხდა ჩემი ერთწლიანი აკადემიური შვებულების აღება... მხოლოდ ჩემი თხოვნის საფუძველზე. გავხსენით საღვთისმეტყველო სასწავლებელი, მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ ერთ წელიწადში ვერაფრით ვერ მოვახერხებდი დისერტაციის დამუშავებას" , - აცხადებს მამა ანდრია სარია.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სტუდენტების პერსონალური ინფორმაცია საჯარო არ არის, ასევე აცხადებენ,რომ სტუდენტების საჯარო საეთერო გამოსვლები არ განიხილება და არ ფასდება, რადგან ეს არის აკადემიური დაწესებულება, რომელიც პოლიტიკისაგან შორსაა.