(რეზონანსი) ახალ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს არასწორად მიაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ შემომწირველებზე ინფორმაციას აუდიტის სამსახური აგროვებს და ამუშავებს. თუმცა, ამ მიმართულებით ცვლილებებს ის არ ჩქარობს.
„კლასიკურ მოდელში, ალბათ, ეს ფუნქცია არ უნდა იყოს აუდიტის სამსახურში, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაიმე ცვლილებებს განვახორციელებთ" , - აცხადებს მექვაბიშვილი.
გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენისას ირაკლი მექვაბიშვილმა საკუთარი ხედვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა.
„ჩვენი საქმიანობის აქცენტი მინდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო. თუმცა, თუ რაიმე გადახვევა იქნება კანონთან, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი მუშაობა დონორ და პარტნიორ ქვეყნებთან რამდენადაც შესაძლებელი იქნება გაძლიერდება" , - განაცხადა მექვაბიშვილმა.
ირაკლი მექვაბიშვილი ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. მან აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა ლაშა თორდიასგან 5 წლის ვადით გადაიბარა. ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანომ უმრავლესობით მხარი 20 სექტემბერს დაუჭირა. ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 8 სექტემბერს წარადგინა.