სეპარატისტები ერედვში დარჩენილ ნასახლებსაც მიწასთან ასწორებენ და ნანგრევები გააქვთ
ეკატერინე ბასილაია
23.09.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბრძანებით ქართულ სოფლებში ქართულ კვალს შლიან. უკვე 2 კვირაა სოფელ ერედვში ომის დროს დამწვარ-დაზიანებულ სახლებს ბოლომდე ანგრევენ და ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

როგორც ცხინვალში ამბობენ, ჯამში 268 სახლისგან უნდა "გაწმინდონ" სოფელი, რასაც ოფიციალურ თბილისში განცხადებები მოჰყვა იმაზე, რომ ეს არის ეთნიკური წმენდის გაგრძელება, სეპარატისტები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალი ბოლომდე წაშალონ, რაც მძიმე სანახავია.

ოსმა სეპარატისტებმა და რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ჯერ თამარაშენი გაასწორეს ბოლომდე მიწასთან და იქ დღეს რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზაა, ახლა კი ქართული კვალის ერედვში წაშლაც დაიწყო და ოსები იქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაკეთებას აანონსებენ, "რესპუბლიკის" მოსახლეობამ მიწის დამუშავება რომ შეძლოს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძის თქმით, თამარაშენი და ერედვი ქართული იდენტობის, ქართული სულიერების მთავარ საყრდენ სოფლებად ითვლებოდა და "თამარაშენის მთლიანად განადგურების შემდეგ ერედვს რომ ამას დამართებდნენ, სავარაუდო იყო".

 "ომის დროს ბევრი სოფელი დაიბომბა და დაიწვა. ბევრიც თავისით ნადგურდება. ბულდოზერს მიიყვანენ თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც არ აქვს. ეს არის ფრონეს ხეობის, ლიახვის ხეობის ქართული სოფლები.

"ვერ გეტყვით კონკრეტულად ერედვში რას აპირებენ. შთაბეჭდილება მრჩება, რუსების წინაშე დემონსტრირებას ახდენენ, რომ მათი ფული აი, ამაში იხარჯება. 4,4 მლრდ რუბლია გამოყოფილი მოსკოვიდან ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის. ოსების მთელი ბიუჯეტი 9 მლრდ რუბლია და მისი ნახევარი "სოციალ-ეკონომიკური პროექტების საინვესტიციო პროგრამისთვისაა" გამოყოფილი.

"იმისთვის, რომ გაამართლონ, რაში ხარჯავენ რუსულ ფულს, ეს წამოიწყეს. ოფიციალურად ამბობენ, სოფლის მეურნეობისთვის გვჭირდებაო, ეს ტყუილია. მათ უამრავი მიწა აქვთ, ოსური სოფლების მიმდებარე მიწებში აგური აგურზე არ დაუდვიათ და ერთი მარცვალი არ ჩაუგდიათ და რაღა ახლა ერგნეთზე გაიგიჟეს თავი?! თანაც, ერგნეთს ისედაც ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწები და თუ უნდოდათ, დაეთესათ და მოეყვანათ მოსავალი, რაღაც სახლები უნდა დაანგრიონ?!

"ეს არის ცინიზმით აღსავსე განცხადებაა დე ფაქტო პრემიერისა, რომ თითქოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სჭირდებათ.

"ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ახალი სამხედრო ბაზის აშენება ხომ არ იგეგმება, მაგრამ არ მგონია. თამარაშენსა და ცხინვალში იმხელა ბაზები აქვთ, არ მგონია ამაზე კიდევ დახარჯონ ფული.

"ამდენად რთული სათქმელია, რას აპირებენ. სახლებს რომ ანგრევენ, ამას კი ვხედავთ და ცალსახად ეს არის ეთნოწმენდის გარკვეული ფორმა, რაც გააკეთეს თამარაშენში, როდესაც იმ ხალხის კვალის წაშლას ცდილობენ, ვინც მანამდე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. პირველი, რაც სეპარატისტებმა გააკეთეს თამარაშენში, ეს იყო მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დანგრევა, რომ ქართულის ხსენება ამოეძირკვათ. ახლა ერედვს მიადგნენ," - ამბობს არეშიძე.

ერედვში ქართველების კუთვნილი სახლების მიწასთან გასწორებაზე ინფორმაცია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხდება საცხოვრებელი სახლების ნგრევა და მიწის საძირკვლისაგან გათავისუფლება.

გაცხადებულია, რომ ქართული სოფლის სრულად მიწასთან გასწორება-გაწმენდა ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 ცხინვალელი კორესპონდენტის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში ქართული სოფლის ნახევარი უკვე გათავისუფლებულია "სამშენებლო ნაგვისგან", როგორც ისინი რუსი ოკუპანტებისა და ოსური ბანდფორმირებების მიერ იმ დანგრეულ სახლებს უწოდებენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მართვის სამსახურის უფროსის, ვალერი კოკოევის თქმით, გათვალისწინებულია სოფელ ერედვის გაწმენდა 268 სახლისგან.

"ორ კვირაში ნახევარი ტერიტორია უკვე გაწმენდილია, 163 სახლის მიწისზედა ნაგებობა გატანილია და ადგილი უკვე მოსწორებულია," - აცხადებს კოკოევი.

მისი თქმით, იგეგმება გათავისუფლებული ტერიტორიის გადაცემა დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რომ "რესპუბლიკის" მოსახლეობამ მიწა დაამუშაოს.

ცხინვალის ტელევიზიის ცნობითვე, ტერიტორიის გასუფთავება "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციო-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში" ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 4,2 მლდ რუსული რუბლით, (დაახლოებით 70 მლნ დოლარი) ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ერედვი ცხინვალიდან 5 კმ-ში მდებარეობს. 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად 125 სოფელია დაკარგული და მათი უმეტესობა რუსული ბომბდამშენების მიერ დაბომბილი და გადამწვარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×