(რეზონანსი) „მე გადაწყვეტილება მივიღე გრძელვადიანი პრინციპით, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. ორი თვეა რაც პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე, ვერც გვირგვინს დავიდგამ პარტიის წარმატებების გამო და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებ იმ შეცდომების გამო, რაც პარტია ჰქონდა" , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „ტვ პირველზე" ისაუბრა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას პარტიის ლიდერთან კომუნიკაცია უკრაინაში პირველი შეხვედრის შემდეგ არ ჰქონია. როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, უკრაინაში სააკაშვილთან მხოლოდ აზრები გაცვალა და მას შემდეგ ის რჩევისთვის არ შეუწუხებია.
„სააკაშვილთან უბრალოდ აზრები გავცვალეთ,მე მისი ხედვები მაინტერესებდა, არ ყოფილა ისე,რომ შენ აუცილებლად უნდა გახდე თბილისის მერობის კანდიდატი. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მის რჩევებს, მაგრამ მე ის არ შემიწუხებია" , - განაცხადა უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო. კანდიდატმა მერიაში ბიუროკრატიის შემცირებაზე და 100 მილიონი ლარის დაზოგვაზე ისაუბრა. უდუმაშვილის დაპირებით, ის მერიის ავტოპარკს გაყიდის და ჯამში 5 მილიონ ლარს დაზოგავს. „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის თქმით, ყველა სოციალურად დაუცველი,რომლის სარეიტინგო ქულა 200 ათასამდეა, მიიღებს 50-ლარიან შემწეობას თბილისის მერიისგან. უდუმაშვილი ამომრჩეველს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებასაც პირდება.