(რეზონანსი) დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. N6 და N87 ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან.
პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები. თბილისის მერიის ცნობით, პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შარტავასა და კოსტავას ქუჩებზეც აღდგება.იმ ავტომობილების მძღოლების მიმართ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე იმოძრავებენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.