(რეზონანსი) რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70-80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. წლევანდელ რთველში ისე მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.გურჯაანის მცხოვრები თამარ დიღმელაშვილი აცხადებს,რომ ყურძენი 75 თეთრად უნდა ჩააბაროს, აქედან 15 თეთრი კი ის ხარჯია, რაც ყურძნის მოყვანისას გაიღო.ფერმერები მთავარ პრობლემად ფასების არასტაბილურობას ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი" ავრცელებს.
„როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს ფასი? 1 ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი" , - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა, როცა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა.
„რთველი 2017" სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში მეღვინეების შემოსავალმა 81, 5 მლნ ლარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგიონში 70 ათასამდე ტონაა გადამუშავებული, კახეთში ყურძნის გადამუშავებას 90-მდე ღვინის კომპანია ახორციელებს.
სამინისტროს განცხადებით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ყვარელი - 24,5 ათასი ტონა, გურჯაანი - 18,2 ათასი ტონა, თელავი - 11,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 8,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა - 1.6 ათასი ტონა და საგარეჯო - 1,4 ათასი ტონა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან 95. 8 მლნ აშშ დოლარი მიიღო. 2016 წელს ღვინიდან მიღებული შემოსავალი 113.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2017 წლის რვა თვის შედეგებით ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.