(რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორია შეაფასეს. ვითარება სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.ზუსტი ფართობი, დაზიანების კატეგორია, ტერიტორიაზე არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა, ასევე გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ცნობილი დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება.
წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.
ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაბა წაღვერთან დაიწყო. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი მთაზე ტყის მასივს ეკიდა. საღამოსკენ, ქარის და კლიმატური პირობების გამო, ხანძარი გაძლიერდა.
21 აგვისტოს ცეცხლმა უკვე სოფელ დაბამდე მიაღწია, თუმცა მალევე მოხდა მისი ლოკალიზება. 21 აგვისტოს ღამის 9 საათიდან ვითარება უფრო გაუარესდა, როდესაც ქარი ამოვარდა, რამაც ცეცხლის კერების აალება გამოიწვია. 27 აგვისტოს საღამოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია დაადასტურა.