რეზონანსი
23.09.2017

 (რეზონანსი) „დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას" - ასე პასუხობს ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზა მეი ევროპელი ლიდერების თხოვნას, რომლებმაც მას გუშინ გაჟღერებული ინიციატივის დეტალური განმარტება სთხოვეს. ბრიტანეთის პრემიერმა ევროკავშირს „ბრექსიტის" შემდეგ, 2019 წლის 30 მარტიდან, ორწლიანი გარდამავალი პერიოდი შესთავაზა.

ამ ინიციატივით ტერეზა მეი ფლორენციაში გამართულ სამიტზე გამოვიდა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროპას არ ტოვებს, არამედ ევროგაერთიანებიდან გადის, თუმცა ევროკავშირის ერთგულ მეგობრად რჩება. ამ ორი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთის ბაზრებზე წვდომას არსებული სახით შეინარჩუნებენ.

ტერეზა მეი განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპელი მოკავშირეების გვერდით დარჩება და საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, მათთან ერთად დაიცავს. ამას გარდა, ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს დიპლომატიური და სამხედრო რესურსების გამოყენებას და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას.

მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ გარდამავალ პერიოდში ბრიტანეთი დაკისრებულ გადასახადს სრულად დაფარავს. საუბარია 20 მილიარდ ევროზე, რომელიც „ბრექსიტის" შემდეგ ევროგაერთიანების ბიუჯეტს წევრი სახელმწიფოს გასვლის შედეგად მოაკლდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×