(რეზონანსი) გერმანიის დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ხვალ ბერლინის ქუჩებში 1500-ზე მეტი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული. პოლიტიკური პარტიები კი ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.
დღეს დილით, ანგელა მერკელმა საკუთარი შტაბის წევრებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კანცლერი კამპანიის მონაწილეებს ყავითაც გაუმასპინძლდა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით შენარჩუნებას ცდილობს.
24 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გერმანიის მოქალაქეები აირჩევენ ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს და ასევე, ცნობილი გახდება მომავალი კანცლერის ვინაობა. ამ არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ევროპის მომავალზე, ისე საქართველოს ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
გერმანიაში 83 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალურ როლს პარლამენტი თამაშობს. 2002 წლიდან გერმანიის პარლამენტში, იგივე ბუნდესტაგში, მინიმუმ 598 დეპუტატს ირჩევენ. დეპუტატების რიცხვი წინასწარ განსაზღვრული არ არის და ის საარჩევნო პროცესის შედეგებზეა დამოკიდებული.ბუნდესტაგის ფორმირება შერეული სისტემით, მაჟორიტარული და პროპორციული წესით ხდება. გერმანიის ბუნდესტაგში მოსახვედრი საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტია.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ქვეყნის ყველაზე დიდი და ძლიერი პოლიტიკური პარტიაა. ქრისტიან-დემოკრატები 1949 წლიდან ერთ საარჩევნო ბლოკში იმყოფებიან ქრისტიანულ-სოციალურ კავშირთან. ეს ორი პოლიტიკური ძალა, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, არჩევნებში ერთ ბლოკად მონაწილეობენ და შესაბამისად, კანცლერობის ერთიანი კანდიდატი ჰყავთ.
2017 წლის არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატი ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელია. წინა არჩევნებზე პარტიამ ხმების 41,5 პროცენტი მიიღო. წლევანდელი არჩევნების მთავარი ფავორიტი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სწორედ ანგელა მერკელის პარტიაა.