რეზონანსი
23.09.2017

 (რეზონანსი) წაღვერის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენები ჩაერთვებიან. ადგილზე უკვე მუშაობს ორი საფრენი აპარატი, ხვალიდან კი მათ თურქული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები დაემატება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი საღამოსვე ჩამოფრინდება, რათა ხვალ დილიდან ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს.

„2008 წელს რომ მასივი დაიწვა, იმ მონაკვეთში ხევი იწვის. ვცდილობთ, რომ ახალ ტყეში არ გადავიდეს. მიიწევს ახალი ტყისკენ. მარტივი სიტუაცია არ გვაქვს. კარგი ის არის, რომ ერთ ხევში არის მხოლოდ ხანძარი და სხვა ხევებზე არ არის გადასული," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.

არჯევანიძეების ტყეში გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, მაშველები უშედეგოდ ებრძვიან. ქარის გამო იმატა დაკვამლიანებამ, რაც ხილვადობას და საჰაერო აპარატების მუშაობას ართულებს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი.

ცეცხლი წაღვერის ტყეში გასულ თვეშიც გაჩნდა, თუმცა მაშინ ცეცხლი 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ძირითადად ბალახს და ფტორს ეკიდა. მის ჩასაქრობად მაშველებს დაახლოებით 1 კვირა დასჭირდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×