რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) „თუ მეორე ტურში მე ვერ გავალ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას დავუჭერ მხარს. თუ ეს იქნება ზაალ უდუმაშვილი, მკაფიოდ ვამბობ,რომ მას დავუჭერ მხარს" , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. ელენე ხოშტარიამ მისი გუნდის წევრის, გიგი უგულავას მერობის პერიოდის შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეცდომების აღიარებას არ ერიდება და მზადაა ამაზე უგულავასთანაც იკამათოს.

„მთავარი სიძლიერეა, რომ კონკრეტული შედეგების დადების გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია შეცდომების აღიარება. მიმაჩნია,რომ გიგი უგულავამ ფუნდამენტურად შეცვალა საკითხები თბილისში, ეს იყო ვირთხებით სავსე ქალაქი.თუმცა, „სითი პარკი" არის მისი შეცდომა, იყო არასწორად დადებული ხელშეკრულება" , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქი სატვირთო რკინიგზისგან გათავისუფლდება და მათ ადგილას ცენტრალური პარკები, საფეხმავლო სივრცეები აშენდება.

„მოქალაქეებს უნდა მივცეთ მანქანის ალტერნატივა და ქალაქი მოვაწყოთ ისე,რომ შესაძლებელი იყოს მანქანითაც, ფეხითაც გადაადგილება. დაახლოებით 800 ავტობუსი უნდა იყოს, დღეს გვყავს სულ 510. მნიშვნელოვანია ტრამვაის პროექტი, კილომეტრი 10 მილიონი ღირს, მაგრამ უნდა მოვიზიდოთ იაფი საერთაშორისო სესხები" , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×