(რეზონანსი) საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ გერმანიის არჩევნებში გამოკითხვების მიხედვით მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირი გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუსას აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია" გავა. ჭანტურიას თქმით, ძირითადი ბრძოლა და კონკურენცია მესამე ადგილისთვის მიმდინარეობს.
„ალბათ ბუნდესტაგში „თავისუფალი დემოკრატები" შევლენ, რომლებიც წინა პარლამენტში არ იყვნენ და ასევე გერმანიის ისტორიაში პირველად მოსალოდნელია, რომ გააქტიურდეს მემარჯვენე ფრთა, პარლამენტში შევიდეს „ალტერნატივა გერმანიისთვის". ეს პარტია გამოირჩევა რადიკალური მიდგომებით. ისინი ითხოვენ გერმანიის ევროპის კავშირიდან გასვლას, ითხოვენ ევროს გაუქმებას, ყველა ევროპული და ინტეგრაციული პროექტის შეჩერებას. ის ფაქტი, რომ ასეთი ძალა შედის პარლამენტში, სასიამოვნო არ არის" , - განაცხადა დიპლომატმა.
ლადო ჭანტურიას თქმით, ღიად რჩება საკითხი, თუ ვისთან ერთად შექმნის კოალიციას „ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირი. შესაძლო ვარიანტად „სოციალ- დემოკრატიული პარტია" და დიდი კოალიციის გაგრძელება მოიაზრება. საქართველოს ელჩი აცხადებს,რომ არ არის გამორიცხული „ქრისტიან-დემოკრატიულმა" კავშირმა კოალიციური მთავრობა „თავისუფალ დემოკრატებთან" შექმნას.