რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ანტიმიგრაციულ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში 8 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას ზღუდავს.

ახალი დოკუმენტი, რომელიც ძალაში 18 ოქტომბერს შედის, ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა ირანი, ლიბია, სომალი, სირია, იემენი, ასევე ჩადი, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა.

შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაურკვეველი ვადით იმიგრაციული და არაიმიგრაციული ვიზებით შესვლა იზღუდება, ხოლო ვენესუელას შემთხვევაში, აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ბიზნეს და ტურისტულ ვიზებს შეეხება.

ტრამპი გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის. „ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკის უსაფრთხოებაა. ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ მათ, ვისთვისაც ვერ შევძლებთ უსაფრთხო შერჩევის უზრუნველყოფას", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში

აშშ-ს პრეზიდენტის წინა ბრძანებულება, რომელიც ძალაში 16 მარტს შევიდა, 90-დღის განმავლობაში ექვსი მუსულმანური ქვეყნისთვის - სირია, სუდანი, ირანი, ლიბია, სომალი და იემენი შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებდა. გამონაკლისი იყვნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც განკარგულებაზე ხელმოწერისას აშშ-ის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×