(რეზონანსი) სომხეთში რუსულ ენას უცხო ენის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ „ტას"-ის კორესპონდენტს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლევონ მკრტჩიანმა განუცხადა.
„სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება სომხური, იმიტომ რომ სომხეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. ეს აქსიომაა, ამიტომ ყველა დანარჩენი ენა უცხოა", - განაცხადა მკრტჩიანმა.
მკრტჩიანმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსული ენა „ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ არანაირი სტატუსი არ ჰქონია".
„უცხო ენის გამოცდაზე მათ ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური ან იტალიური ენის ჩაბარება უწევთ. რუსული ამ ენებს შორის არ იყო და რუსულ ენაში გამოცდის ჩაბარება აბიტურიენტებს არ შეეძლოთ. ახლა კი ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ რუსულ ენას სომხეთში უცხო ენის სტატუსი აქვს", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.