რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს პროცესიდან გააძევა.

გაძევების მიზეზი ღოღობერიძის მხრიდან მოწმის გამოსვლის დროს ატეხილი ხმაური გახდა. მან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა, მატყუარა უწოდა.

„მერაბ ღოღობერიძე მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ დაკავებულების ძალით გათავისუფლება მომხდარიყო. შემდეგ ქვების სროლა განხორციელდა. ჩვენ ამ მოქალაქეების სამმართველოში შემოსვლა შევაჩერეთ, თუმცა ქმედებებს აგრძელებდნენ - მოლოტოვის კოქტეილების სროლას. მოვახერხეთ აქციის დაშლა და რამდენიმე პირი დავაკავეთ. იმ დღეს ქალაქგარეთ ვიყავი, ღოღობერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისის მოედანზე არიან შეკრებილი და კახა ბუხრაძის გადაყენებას ითხოვენ. გადავკეტავთ სხვა ქუჩებსაცო. ვუთხარი, თუ რაიმე პრეტენზია ექნებოდა, გენინსპექციისთვის მიემართა. ამის მიუხედავად, მერაბმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ შენობაში შტურმით შესულიყვნენ", - განაცხადა გოგნიაშვილმა, რამაც ღოღობერიძის გაღიზიანება გამოიწვია.

სასამართლოს მორიგი პროცესი, სადაც მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე ერთობლივად განიხილება, ღოღობერიძის გარეშე გაგრძელდა.

სულ საქმეში სამასი მოწმოს ჩვენება დევს. საქმის განხილვა უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×