(რეზონანსი) კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს, ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ არსი იმ პროცესის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვების პროცესში და ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგადაც, იმისთვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თავისთავად არსი იმ ცვლილებების, რომლებსაც დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვღებულობთ, არის უაღრესად დემოკრატიული, ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინ ხელისუფლების პირობებში ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ მიაღწია.
„კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებულია ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვღებულობთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას", - დასძინა კვირიკაშვილმა.