(რეზონანსი) დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის "მრავალი წლის განმავლობაში იამაყებს".
„დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები დღევანდელი გადაწყვეტილებით ვიამაყებთ, რადგან საქართველოს დღეიდან ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მართლაც უზრუნველყოფს", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, მაინც ჩატარდება.
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 26 სექტემბრის 14:00 საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დეპუტატებს 14:01 საათზე შეუძლიათ სხდომა დაიწყონ.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.