(რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა მეშვიდე კლასის მოსწავლე სკოლაში არ შეუშვა, მიზეზი კი თავსაბურავი, ე.წ. ჰიჯაბი გახდა, რომელიც გოგონას ეკეთა. ინფორმაციას „აიპრესი" ავრცელებს.
სკოლის დირექტორს, ელზა აშიროვას, მოსწავლის ოჯახი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.
"ეს ტრადიცია ჩვენი რელიგიის ნაწილია, რომ მანდილოსნებმა ჰიჯაბით იარონ. ამ უფლებას ზღუდავს სკოლის დირექტორი, რაც ბავშვის პირდაპირი დისკრედიტაციაა და მეტი არაფერი. განათლების სამინისტროს ვთხოვ პრობლემა დროულად მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილს სკოლაში არ გავუშვებ და სოფელში საპროტესტო აქციები დაიწყება"- განაცხადა ასტანოვ თაჰირმა.
სკოლის დირექტორი ელზა აშიროვას თქმით კი მშობლები შვილზე ზეწოლას ახორციელებენ და ბავშვთა უფლებებს თავად ზღუდავენ. მისივე თქმით, თავსაბურავის აკრძალვა სკოლის შინაგანაწესის დაცვით მოხდა.
"ბავშვი სკოლაში შეშინებული მოვიდა, ლამის ტიროდა. სავარაუდოა, რომ მშობლები მასზე ზეწოლას ახორციელებენ და ე.წ ჰიჯაბის ტარებას აიძულებენ. ჩვენ გვაქვს შინაგანი წესი, რომლის მიხედვითად სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება იკრძალება", - ამბობს სკოლის დირექტორი.